სახლი, რომელიც გესმით: რა არის ინტერიერის ერგონომიკა და რატომ არის ის რემონტის საფუძველი

ყველაზე ლამაზი სახლიც კი არაკომფორტული იქნება, თუ შიგნით მოძრაობა და ყოველდღიური ნივთების გამოყენება მოუხერხებელია. სწორედ აქ შემოდის ერგონომიკა, რომლის მთავარი პრინციპია: ადამიანი კი არ უნდა მოერგოს სახლს, არამედ სახლი — ადამიანს.

სამზარეულო: მოქმედებების უწყვეტი ჯაჭვი - „სამუშაო სამკუთხედის“ ოქროს წესი

სამზარეულო სახლში ყველაზე „ტექნოლოგიური“ სივრცეა. აქ ერგონომიკა ეყრდნობა პროდუქტის გზას: შენახვა➔გარეცხვა ➔ მომზადება.

იდეალურ ვარიანტში, თქვენი სამზარეულო ამ ჯაჭვს უნდა მიჰყვებოდეს. მაცივრიდან გამოღებული პროდუქტიხვდება ნიჟარაში, ნიჟარიდან — დასაჭრელ ზედაპირზე, ხოლო იქიდან — ქურაზე, ან ღუმელში.

თუ ეს ზონები არათანმიმდევრულადაა გადანაწილებული, კულინარია დამღლელი ხდება (იდეალური ჯამური მანძილი სამკუთხედის ხაზებს შორის 4-დან 7 მეტრამდეა).

სამუშაო ზედაპირი უნდა პასუხობდეს იმ ადამიანის სიმაღლეს, ვინც ყველაზე ხშირად ამზადებს. მიზანი ერთია — ხერხემლისა და წელის დატვირთვის მინიმუმამდე დაყვანა (საშუალო სიმაღლის ადამიანისთვის-  85-90 სმ-ია, მაღალი ადამიანისთვის 88-91 სმ-მდე).

 

მისაღები ოთახი: სოციალური ცენტრი და დასვენება

 მისაღები ოთახის მოწყობისას ხშირად უშვებენ შეცდომას, როცა მთელ ავეჯს კედლების გასწვრივ აწყობენ, ცენტრში კი დიდ ცარიელ სივრცეს ტოვებენ. ერგონომიკის თვალსაზრისით, ეს ზრდის დისტანციას ადამიანებს შორის.

სავარძლები და დივანი ისე უნდა განლაგდეს, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან საუბარი ხმის აუწევლად და სხეულის უხერხული მობრუნების გარეშე შეძლონ.

ტელევიზორისა და სამეულის ურთიერთკავშირი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ყურებისას კისრის კუნთები არ იძაბებოდეს. ეკრანი უნდა იყოს ბუნებრივი მზერის დონეზე, ყოველგვარი ზემოთ ახედვის ან თავის დახრის გარეშე.

 

საძინებელი: პირადი საზღვრები

 საძინებელი ანტი-სტრეს ზონაა, სადაც ყველაფერი სიმშვიდეს უნდა ემსახურებოდეს. აქ ერგონომიკა ორიენტირებულია ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე.

საწოლთან მიდგომა ორივე მხრიდან თანაბრად კომფორტული უნდა იყოს (თუ ის ორადგილიანია).

დაგეგმვისას უმნიშვნელოვანესია გათვალისწინებული იყოს კარადების, უჯრებისა და კარების გაღების ტრაექტორია. ღია კარმა არ უნდა დაბლოკოს ოთახიდან გასასვლელი ან მეორე კარადის უჯრა.

 

აბაზანა: უსაფრთხოება და მინიმალიზმი

სააბაზანო ხშირად ბინის ყველაზე პატარა, თუმცა ტექნიკურად ყველაზე რთული ზონაა. აქ ერგონომიკა პასუხისმგებელია არა მხოლოდ კომფორტზე, არამედ უსაფრთხოებაზეც, რადგან საქმე გვაქვს წყალთან და სველ ზედაპირებთან.

აბაზანაში დაგეგმარების მთავარი პრინციპი ითვალისწინებს ადამიანის მოძრაობის ანატომიას. მაგალითად, ხელსაბანთან დგომისას ჩვენ ავტომატურად ვიხრებით წინ, ხოლო შხაპის მიღებისას ან პირსახოცის გამოყენებისას ხელებს განზე ვწევთ. სივრცე ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ამ ბუნებრივი მოძრაობების დროს იდაყვები კედელს ან საშხაპე კაბინას არ ერტყმოდეს; ასევე, პირსახოცის საკიდი ზუსტად იმ მანძილზე უნდა კეთდებოდეს, სადაც ხელი ინტუიციურად სწვდება, რათა სველი ტანით შორს გადაბიჯება და დასრიალების რისკის შექმნა არ მოგიწიოთ.

ნებისმიერი სანტექნიკა თუ ავეჯი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა “ფუნქციონირებდეს”- უნიტაზი, ხელსაბანი და სათავსოები ისე უნდა განაწილდეს, რომ ერთის გამოყენება არ ზღუდავდეს მეორის ხელმისაწვდომობას.

 

განათება და კონტროლი: უხილავი კომფორტი

 ერგონომიკა მხოლოდ ავეჯის განლაგება არ არის, ეს არის გარემოს მართვაც. ჩამრთველებისა და როზეტების ადგილმდებარეობა განსაზღვრავს, რამდენად მშვიდად იცხოვრებთ თქვენს სახლში.

ჩამრთველი უნდა შეგხვდეთ ზუსტად იმ წამს, როცა ბნელ ოთახში შეაბიჯებთ, ზუსტად ხელის სიმაღლეზე, ზედმეტი ძებნისა და გაწელვის გარეშე (ჩამრთველების სიმაღლე ევრო სტანდარტით იატაკიდან 90 სმ სიმაღლეზე თავსდება).

თანამედროვე ერგონომიკა ითხოვს, რომ შუქის ჩაქრობა საძინებელშივე, საწოლიდან ადგომის გარეშეც შეგეძლოთ, რათა ძილის წინ მყუდრო განწყობა არ დაგერღვეთ.

კარგი რემონტი არ იზომება მხოლოდ მასალების ფასით, ან მოდური ტენდენციებით. სახლის ნამდვილი ფუფუნება მის მოხერხებულობაშია. როდესაც სივრცე ადამიანის სხეულის ანატომიასა და ყოველდღიურ ჩვევებზეა მორგებული, სახლი ხდება ადგილი, სადაც ნამდვილად ისვენებთ და ენერგიით ივსებით.