რომელ სართულზე შევიძინოთ ბინა?... სართულების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ჩვენ შევეცდებით გაგიზიაროთ სართულების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომ შეგიმსუბუქოთ თქვენთვის სასურველი სართულის არჩევის პროცესი.
დაბალი სართულის შერჩევას ამჯობინებენ ადამიანები, ვისაც სიმაღლის შიში აქვთ და ლიფტით მგზავრობა არ უყვართ. ასევე, ოჯახები, რომელთაც ჰყავთ პატარა ბავშვები, მათი დამატებითი უსაფრთხოებისთვის.
დაბალი სართულების დადებით მხარეებს შორის შეგვიძლია დავასახელოთ, სამშენებლო მასალის და ავეჯის ბინაში მარტივად შეტანა, ასევე თანხის დაზოგვა - დაბალ სართულზე ბინის შეძენა უფრო ბიუჯეტურ ფასად შეგიძლიათ.
რა თქმა უნდა, თანამედროვე მშენებლობისას გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა სტანდარტი, თუმცა ევაკუაციის შემთხვევაში, დაბალი სართულებიდან უფრო მარტივია ქუჩაში გამოსვლა, რაც ასევე დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვლოს.
გარდა დადებითი მხარეებისა, დაბალ სართულებს აქვთ უარყოფითი მხარეებიც, ბინებში მეტი ხმაურია და ნაკლებად არის შესაძლებელი კონფიდენციალურობის დაცვა. დაბალ სართულზე ბინები ნაკლებად მზიანია და შესაბამისად, უფრო გრილია ზამთრის პერიოდში.
უარყოფით მხარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ უსაფრთხოების ნაწილიც, რადგან ბინადრებმა მეტად უნდა იზრუნონ უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ბინაში შეღწევისგან დაცვის მიზნით.
რაც შეეხება მაღალ სართულებს, მათ ძირითადად ირჩევენ ლამაზი ხედების მოყვარული ადამიანები. გარდა ამისა, მაღალი სართულები გაძლევთ საშუალებას, დაიცვათ კონფიდენციალურობა, ნაკლებად შეგაწუხოთ ხმაურმა და უსაფრთხოების ნორმები უფრო მარტივად დაიცვათ. მაღალ სართულზე მეტია ბუნებრივი სინათლე, მზის შუქი, შესაბამისად, ბინები უფრო ნათელი და თბილია.
მაღალი სართულების პრიორიტეტებს შორისაა, ასევე, სახურავის ბაღები, ტერასები და სხვა რეკრეაციული სივრცეები.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, მაღალ სართულზე მეტად ძლიერი ქარია და თუ მზიანი ბინები ზამთარში ძალიან სასიამოვნოა, საწინააღმდეგო ხდება ზაფხულში, რადგან მაღალ სართულზე ბინები უფრო მეტად ხურდება და უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება მათ გაგრილებას, რაც შემდეგ აისახება მაღალ გადასახადებზე. მაღალი ბიუჯეტი, მაღალი სართულის კიდევ ერთი უარყოფითი მხარეა, რადგან ბინები უფრო ძვირია, შთამბეჭდავი ხედების და სხვა პრიორიტეტების გამო.
როგორც ვხედავთ, ნებისმიერ სართულზე შეგვიძლია კომფორტულად ვიცხოვროთ, თუ გავითვალისწინებთ, ჩვენს პრიორიტეტებს, სურვილებს და ცხოვრების სტილს. მთავარია , სწორი არჩევანი გავაკეთოთ.