7 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ბინის შეძენისას

როგორ შევარჩიოთ ბინა სწორად? რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ მივხვდეთ რომ სწორ არჩევანს ვაკეთებთ?

ყველას ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც ვიწყებთ ბინის შეძენაზე ზრუნვას, ამ დროს ჩნდება კითხვები: როგორ შევარჩიოთ ბინა სწორად? რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ მივხვდეთ რომ სწორ არჩევანს ვაკეთებთ? ჩვენ წარმოგიდგენთ 7 მინიშნებას, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.

1.   კომპანიის რეპუტაცია

დეველოპერული კომპანიის კარგი იმიჯი და რეპუტაცია განსაზღვრავს მის სანდოობას და ხარისხს, რაც თავის მხრივ ამცირებს ინვესტიციის რისკს. მშენებლობის ინდუსტრიაში დიდი გამოცდილების მქონე კომპანია გაძლევთ საშუალებას გაეცნოთ მის შესრულებულ პროექტებს, ჩაბარების ვადებს, მშენებლობის ხარისხს და დასრულებული შენობების ვიზუალურ ნაწილს.

2.   ადგილმდებარეობა

ბინის შეძენისას ერთ-ერთი უპირველესია და გადამწყვეტი ფაქტორია კომპლექსის/ბლოკის ადგილმდებარეობა და გარემო. აუცილებლად გასათვალისწინებელია ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, ისეთი ობიექტების სიახლოვე, როგორიცაა ბაღი, სკოლა, კლინიკა, სპორტ- დარბაზი, პროდუქტის მაღაზია, ბანკი. იმ შემთხვევაში თუ გეგმავთ ინვესტირებას, გაქირავების მიზნით, დამატებით უნდა გაითვალისწინოთ ბინის გასაქირავებლად მოთხოვნადი უბნები.  

3.   მშენებლობის ხარისხი

დღევანდელი მდგომარეობით, თბილისში ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანია ოპერირებს და შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბინის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ, მშენებლობის ხარისხი და უსაფრთხოებაა.  კარგად უნდა შეისწავლოთ სამშენებლო დანადგარები, სამშენებლო მასალები და ის გუნდი, რომელიც პასუხისმგებელია მშენებლობის ხარისხზე. კომპანიასთან კომუნიკაციისას, აუცილებლად უნდა მოითხოვოთ სრული ინფორმაცია იმ მასალებთან დაკავშირებით, რომლებსაც იყენებენ სამშენებლო მოედანზე. თანამედროვე საცხოვრებელი შენობები უნდა აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს, უსაფრთხოებისა და ხარისხის მიმართულებით.

4.   ფინანსური მხარე

ბინის შეძენისას ფინანსური მხარე თითოეული მყიდველისთვის ძალიან სენსიტიურია. ინვესტიციის განხორციელებისას, დარწმუნებულები უნდა იყოთ, რომ შემოთავაზებული ფასი არის კონკურენტული და წარმოადგენს ბაზარზე არსებულ საუკეთესო შემოთავაზებას, რაც ითვალისწინებს წინასწარ შენატანს, გადახდის ვადებსა და პირობებს.

გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინეთ ასევე, თუ რომელ ბანკთან თანამშრომლობს კომპანია, რადგან ეს ფაქტორი დამატებით განსაზღვრავს კომპანიის სანდოობას.

5.   იურიდიული მხარე

სამშენებლო კომპანიის შერჩევის შემდეგ, აუცილებელია შეამოწმოთ მათი იურიდიული მდგომარეობა. მოითხოვეთ და გაეცანით, მიწის ფლობის დოკუმენტაციას და მშენებლობის ნებართვებს. მოწესრიგებული იურიდიული მხარე დაგეხმარებათ მომავალში კომპანიასთან თანამშრომლობისთვის და ასევე, გაზრდის თქვენს სანდოობას კომპანიის მიმართ.

6.   ინფრასტრუქტურა

ბინის შესაძენად სამშენებლო კომპანიის შერჩევისას ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. დარწმუნდით, რომ მშენებლობის დასრულებისას, თქვენს კორპუსს ექნება თანამედროვე სისტემით აღჭურვილი საპარკინგე სივრცე. ასევე, დაინტერესდით ლიფტის რაოდენობით, ტიპით და ხარისხით,მოითხოვეთ მწარმოებელი კომპანიის სახელი, რომ დარწმუნდეთ მის ხარისხში. ამჟამად არსებულ კონკურენტულ გარემოში, მნიშვნელოვანია გამწვანებული ტერიტორიები,  სათამაშო მოედნები და სასეირნო სივრცეები. ბინის შეძენამდე დარწმუნდით, რომ თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება მწვანე ინფრასტრუქტურა და სუფთა ჰაერი.

7.   უსაფრთხოება

სამშენებლო პროცესის დროს და მშენებლობის დასრულების შემდეგაც, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცულობა. ყურადღება მიაქციეთ, კომპანია როგორ იცავს უსაფრთხოების ნორმებს, როგორც სამშენებლო მასალების გამოყენებისას, ასევე მშენებელთა უსაფრთხოებას. უსაფრთხოდ და საჭირო ნორმების დაცვით შესრულებული სამშენებლო პროცესი თქვენი მომავალი ბინის ხარისხის გარანტიაა.