პატარა ბინის სწორი გეგმარება

მცირე კვადრატულობის ბინის შეძენისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სწორად დაგეგმვის წესები.

ჩვენი მიზანია, რომ ბინა გამოჩნდეს მაქსიმალურად დიდი, ნათელი და ამავე დროს, იყოს ძალიან კომფორტული და ფუნქციონალური.

ბინის სწორად დაგეგმვისას, პირველ რიგში სივრცე უნდა გადავტიხროთ კვადრატულობის მინიმალური დანახარჯით. მცირე ზომის ბინის გადატიხვრა შესაძლებელია სხვადასხვა მასალითა და დიზაინით. მათ შორისაა, თხელი აგურით ნაწილობრივი გადატიხვრა,შუშის ტიხრები, მინა-ბლოკით გადატიხვრა, ხისა და მეტალის ვერტიკალური კონსტრუქციები, ქსოვილის გამოყენება ფარდის კონსტრუქციით, ავეჯით გადატიხვრა და ა.შ.

ნებისმიერი ჩამოთვლილი მეთოდი სივრცეს ვიზუალურად ზრდის,  გვაძლევს მეტ სინათლეს და ინტერიერს მიმზიდველს ხდის.

შემდეგი ფაქტორია, კედლების, ჭერისა და იატაკის ფერების შერჩევა. მცირე ზომის ბინების დიზაინისთვის უმჯობესია გამოვიყენოთ ღია ფერის პალიტრა, რომ ვიზუალურად გავზარდოთ სივრცეები. თუმცა, სასურველია შევქმნათ ღიასა და მუქის კონტრასტი და  შემოვიტანოთ მუქი ფერის ტონალობა, რბილი ავეჯით ან ტექსტილით.ფერების შერჩევისას გავითვალისწინოთ სივრცეების განათება, რადგან განათება ცვლის ფერთა გამას.

ბინის დაგეგმვისას, მნიშვნელოვანი ნაწილია განათება. მცირე ზომის ბინების შემთხვევაში მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბუნებრივი შუქი, ფანჯრებისთვის შევარჩიოთ თხელი ქსოვილის ფარდები, ან ჟალუზები. რაც შეეხება ხელოვნურ განათებას, უმჯობესია გამოვიყენოთ თბილი ნათება და ავურიოთ განათების სხვადასხვა მეთოდი, როგორიცაა ჭაღი, წერტილოვანი განათებები, კედლის ბრა, ტორშერი და ა.შ. სხვადასხვა ტიპის განათების გამოყენება შეგვიძლია ზონების დასაყოფადაც. განათების დაგეგმვისას, აუცილებელია გავითვალისწინოთ ფუნქციონალიც, სამზარეულოსა და სამუშაო ზონასთან  დავგეგმოთ უფრო მკვეთრი განათება, ხოლო საძინებელში შედარებით მშვიდი განათება. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ცხოვრების სტილი და იმის მიხედვით დავგეგმოთ განათების წერტილები და მეთოდი. მაგალითად, საღამოს ,დივანზე კითხვის მოყვარულს, ტორშერი აუცილებლად დასჭირდება.

ბოლო და ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხი პატარა ბინების ვიზუალური გაფართოებისთვის, არის დეკორატიული ავეჯი და შესანახი სივრცეები.

ინტერიერის დიზაინერების რჩევით, მცირე ზომის ბინებში უმჯობესია შევიძინოთ ან დავამზადოთ მსუბუქი დიზაინის და ფუნქციონალური ავეჯი. შევქმნათ მაქსიმალურად ბევრი შესანახი სივრცე, გამოვიყენოთ მრავალფუნქციური და ტრანსფორმერი ავეჯი, რომ გავზარდოთ თავისუფალი სივრცე ბინაში.

დიზაინში ფართოდ მიღებული და გამოცდილი მეთოდია სარკეების გამოყენება. განსაკუთრებით მას იყენებენ ვიწრო კორიდორებში. სარკე ვიზუალურად ზრდის სივრცეს და საოცარი ეფექტი აქვს, განათებასთან სწორად შეხამებისას.

რაც შეეხება სველ წერტილს, მცირე ზომის აბაზანაში უმჯობესია გამოვიყენოთ პატარა კერამიკული ფილები ან მოზაიკა. სივრცის გასაზრდელად და მეტი სიმსუბუქისთვის, შევარჩიოთ ღია ფერები. ნივთების შესანახად, გირჩევთ დაამზადოთ ჩაშენებული კარადები, რაც ძალიან ტევადია და სივრცეს არ ტვირთავს. სივრცის ვიზუალური შენარჩუნებისთვის არჩევანი შევაჩეროთ კომპაქტურ ავეჯზე, როგორიცაა ჩაშენებული უნიტაზი, შხაპის სივრცე ან მცირე ზომის აბაზანა. სააბაზანოში რეკომენდებულია წერტილოვანი განათების გამოყენება. ასევე, სივრცეს ზრდის სარკეები და პრიალა ზედაპირის ფილები. სააბაზანო ძალიან ერთფეროვანი რომ არ გამოვიდეს, თამამად  შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიული კედელი, რაც შექმნის კონტრასტს და ჩვენს სივრცეს უფრო საინტერესოს გახდის.

რაც ყველაზე მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად დიზაინისა და სტილისა, ბინა ჩვენი ცხოვრების რიტმის მიხედვით მოვიწყოთ.